პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად აისახა ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზე და პანდემიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტურიზმის სფერო და მასთან დაკავშირებული საქმიანობები – ამის შესახებ საუბარია პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიზეზით 2020 წელს ეკონომიკის კლებამ – 6.2% შეადგინა და ტურისტული ნაკადების მნიშვნელოვანმა შემცირებამ (საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა 83.4%-ით) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა გამოიწვია და მშპ-ის 12.3% შეადგინა.
„თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქონლის ექსპორტის 12%-ით შემცირების მიუხედავად, ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი 3.5%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე შემცირდა საინვესტიციო აქტივობაც და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც. სარეიტინგო კომპანიების Fitch-ისა და S&P-ის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებს BB საკრედიტო სუვერენულ რეიტინგს ნეგატიური პერსპექტივით.
პანდემიის მართვის კუთხით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებასა და ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის რეალური ცვლილების მაჩვენებელი მარტში პირველად გახდა დადებითი (4%), ხოლო აპრილში ზრდამ მასშტაბური, 44.8% შეადგინა. შესაბამისად, საგრძნობლად გაიზარდა კუმულატიური ზრდის ტემპიც და 2021 წლის იანვარ-აპრილის პერიოდისათვის 8.1 პროცენტს გაუტოლდა”,- აცხადებს მთავრობა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის პოზიტიურ ტენდენციებზე ნათლად მიანიშნებს 2021 წლის თებერვლიდან საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
„2021 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტი შთამბეჭდავად 70 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება, როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის აპრილის (პანდემიამდე) მონაცემსაც (2019 წლის აპრილთან შედარებით ექსპორტის ზრდა 21.6%-ია). აპრილში იმპორტი 56.5 პროცენტით გაიზარდა და 749.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი გაიზარდა 19.6 პროცენტით და 1,199.0 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს და 2,730.0 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ამასთან, აპრილში 93.4%-ით არის გაზრდილი დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.
2021 წელს პანდემიის გავლენის შემცირებასთან ერთად საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაიწყება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით,
საშუალოვადიან პერიოდში 2021-2026 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და 5.1%-ს გაუტოლდება. მარტის და აპრილის დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ნავარაუდევთან შედარებით გაცილებით სწრაფი ტემპით აღდგება და მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს ბიუჯეტის დაგეგმვისას არსებულ 4,3-პროცენტიან პროგნოზს, რასაც მომდევნო წლების მშპ-ზეც დადებითი ეფექტი ექნება
ამასთან, 2021 წლის აპრილში წარმატებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამა და პროგრამის მე-8 შეფასება. სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების დროულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა ნაბიჯებმა შეაკავა პანდემიის ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური გავლენა. სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კვლავაც მნიშვნელოვანია პანდემიით განპირობებული ზიანის შესამსუბუქებლად“, – განმარტავს მთავრობა.