პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს წლიური მოხსენება პირადად წარუდგინოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიური მოხსენება, წელიწადში ერთხელ, პირადად წარუდგინოს.
აღნიშნულ სიახლეს პარლამენტის რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიცირება პირველი არხის ინფორმაციით, დღეს, ბიუროს სხდომაზე მოხდება.
რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს წერილობითი ფორმით სექტემბერში წარუდგენს, ცვლილებების პროექტით კი, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება და შესაბამისი წერილობითი ანგარიში წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში (ივნისში) წარუდგინოს.
ცვლილებების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის მოხსენებით წარდგომის ზუსტ დროს პრემიერთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების დასრულების შემდეგ, განხილვას პოლიტიკური დებატები მოჰყვება.
კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების განხილვა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის შესაბამისად გაგრძელდება. განხილვის შემდეგ კი, შეიძლება მიღებულ იყოს რეზოლუცია, რეკომენდაცია ან სხვა დადგენილება.