პრემიერ-მინისტრი სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში ფერმერებს შეხვდა და თხილის მოსავლის შესახებ გაესაუბრა.

ფერმერებმა პრემიერს  სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემული შესაწამლი აპარატისა და თხილის მოსავლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერმერების პრობლემას სარწყავი წყალი წარმოადგენს, რისი უმოკლეს ვადებში მოგვარებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს დაავალა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაგრძელდება ძალისხმევა, რათა თხილის ექსპორტის მაჩვენებლები მოკლე ვადაში გაორმაგდეს.

„თხილის გადარჩენის პროგრამა“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), Ferrero-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის” მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა, რომლითაც მეთხილე ფერმერებმა ისარგებლეს.

მთავრობის მეთაურმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის საშრობიც დაათვალიერა და ფერმერებს გაესაუბრა.

აღნიშნული სასაწყობე და საშრობი მეურნეობა სეზონზე 1 000 ტონა თხილის გაშრობას და 500 ტონა თხილის მუდმივ რეჟიმში შენახვას უზრუნველყოფს. თხილის საშრობი საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და „აგრიჯორჯია-ფერეროს“ თანადაფინანსებით 2018 წელს დაფუძნდა.