საქართველოს პრემიერ-მინისტრი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც ონში სტიქიის შედეგების ოპერატიულ და კოორდინირებულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა გამართა.
პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა სოფელ ღებში, რომელიც გზის დაზიანების გამო გარესამყაროს მოწყვეტილია და სოფელ ღარში, სადაც ადიდებულმა რიონმა გზა ჩამოშალა და ონის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის მილები დააზიანა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ შტაბის წევრებს დაავალა, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანი რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები ოპერატიულად მოგვარდეს.
„შტაბის წევრებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხ სოფელთან დროებითი კავშირი უკვე აღდგენილია, ორშაბათამდე კი კავშირი კიდევ ორ სოფელთან აღდგება“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაურმა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანზე მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, ჯამში, სავარაუდოდ 50 მილიონამდე ლარი დასჭირდება.
„პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე სახლი არის დაზიანებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ზიანი ძალზედ სერიოზულია. 12 სოფელი კავშირს მოწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, ოთხ სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ ორ სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებთან, როგორებიცაა ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად არის დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება. ჩვენ დღეს ვესაუბრეთ „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაგვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის პირობებში შესაძლებელი იქნება ელექტრომომარაგების ერთ კვირაში აღდგენა. ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზე იმყოფება, ყველა სოფელთან კავშირი იქნება ვერტმფრენებით და გამოვიყვანთ ყველა ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება ექნება. ორგანიზებულად მომარაგდება ეს სოფლები ყველა სახის საჭირო პროდუქტებით. ოთხი სოფელი დაახლოებით ერთი თვე მოწყვეტილ მდგომარეობაში იქნება, რადგან მაგისტრალურ გზაზე ძალიან სერიოზული ჩამონგრევებია. არის სამი სექტორი, დაახლოებით 250-მეტრიანი, ასევე სრულად აღსადგენია ოთხი ხიდი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენა დამატებით საჭიროებს 30 მილიონ ლარს. საერთო ჯამში, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე. ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი ის სოფლებია, სადაც, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი თვე მოგვიწევს ჩვენ გზაზე მუშაობა, რათა ნელ-ნელა მივიდეთ, თუმცა გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგიას აღვადგენთ დაახლოებით ერთ კვირაში, 10 დღეში. ყველა ამ სოფელთან იქნება ყოველდღიური კავშირი ვერტმფრენებით, გამოსაყვან ადამიანებს გამოვიყვანთ, შესაყვანს შევიყვანთ და არანაირი პრობლემა არ არის, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც კი გზა გაიხსნება, გეოლოგები მივლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგს, ისე ღვარცოფულ ქანებს და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს.
„რაღაც დროს დავკარგავთ. მოგეხსენებათ, ტურისტულად შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და იმის გამო, რომ ერთი თვის განმავლობაში შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება, პრობლემური იყოს, თითოეულ საოჯახო სასტუმროს მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ. აქ იქნება სრული ყურადღება, შესაბამისი შტაბი შექმნილია და ამ შტაბთან პირადად მექნება ყოველდღიური კავშირი“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილ საგანგებო შტაბში, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს, კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.
ფოტო და ვიდეომასალას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.