პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური პარტიების აგიტატორებს და კოორდინატორებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდნენ თვითიზოლაციაში
არჩევნების დასრულების შემდგომ, პოლიტიკური პარტიების აგიტატორებისა და კოორდინატორების ერთი კვირით თვითიზოლაციაში გადასვლა სწორი ნაბიჯია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში, დავავალდებულოთ, გადავიდნენ კარანტინში, თუმცა ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც პოლიტიკური აქტივისტები, მაგალითად, აგიტატორები ან კოორდინატორები თვეების განმავლობაში არიან უდიდესი მობილობის მატარებლები, რა თქმა უნდა, არჩევნების დასრულების შემდგომ, ერთი კვირით მათი თვითიზოლაციაში გადასვლა სწორი ნაბიჯია. ეს არის მათი და მათი ოჯახის წევრების, წრის და მეგობრების დაცვის მექანიზმი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.