პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სენატის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმდჯომარე სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რომლებიც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებს მოიცავს. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურად იქნა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პრემიერ-მინისტრმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ აშშ-ის კონგრესის სენატორები: დიკ დარბინი, კრის კუნსი, როი ბლანტი, დიბ ფიშერი და ჯონი ერნსტი.