პრემიერ-მინისტრი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარეს, სოსო გიორგაძეს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქპატენტის თავმჯდომარემ პრემიერს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, საქპატენტი საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო აღიარებების კუთხით მუშაობს. ამ მიმართულებით გაფორმდა ურთიერთაღიარების ხელშეკრულება მოლდოვის რესპუბლიკასთან, ასევე რამდენიმე ქვეყანაში განხორციელდა და კვლავ გრძელდება პირდაპირი წესით რეგისტრაციები.
საქპატენტის თავმჯდომარის თქმით, კვალიფიციური კადრების მოძიებისა და მომზადების მიზნით დაიწყო ანაზღაურებად სტაჟიორთა პროგრამა. სტაჟიორების ნაწილი უკვე აყვანილია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე მიმდინარეობს კონკურსი.
როგორც სოსო გიორგაძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველო საავტორო უფლებების სფეროში. ამ მიმართულებით, პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის კანონპროექტზე. ასევე, ტენდერის გზით შეირჩა აუდიტორული კომპანია, რომელიც საქართველოში მოქმედი კოლექტიური ორგანიზაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის საკითხებს შეისწავლის. გარდა ამისა, საქართველომ მოიპოვა GI მსოფლიო სიმპოზიუმის ჩატარების უფლება. სიმპოზიუმი ივნისში გაიმართება.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.