პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს
რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები, და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და რატი ბრეგაძის ინიციატივით, ეს ტარიფებიც გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს დიასპორის არაერთი წარმატებული, ბრწყინვალე წარმომადგენელი და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ.
„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზის გამო. მე ვიცი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუწიათ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა, დროებით დატოვება ჩვენი სამშობლოსი, მაგრამ მე და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული მათგანის გული არის სამშობლოსთან. წარმოუდგენელია, ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ. ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ შესაძლოა დიასპორის არაერთი, ათასობით, ასიათასობით წარმატებული წარმომადგენელი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ. არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, არამედ უფრო შორეულ წარსულში რომ გადავიხედოთ, გვყავდა ძალიან წარმატებული, ბრწყინვალე წარმომადგენლები ჩვენი დიასპორისა, რომლებიც მართავდნენ და მე რამდენიმე გვარს ალბათ ვერ გამოვყოფდი, ვინაიდან ძალიან ბევრი იყო, ზოგიერთი აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს სამეზობლოში, ყველგან. ისინი ძალიან წარმატებით მოღვაწეობდნენ და ქმნიდნენ მნიშვნელოვან საქმეს და იმ ქვეყნებში შექმნეს დიდი პროგრესი. ამ ადამიანების გვარები დღეს სამწუხაროდ არის დავიწყებული და აუცილებელია ჩვენს ახალგაზრდებს შევახსენოთ, თუ ვისი გორისანი ვართ, თუ როგორ წარმატებით მოღვაწეობენ ქართველები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ. ქალბატონი პრეზიდენტი საუბრობდა ინიციატივაზე, იდეაზე, რომელიც უზრუნველყოფს დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც არის დიასპორის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან სიმბოლური“, – აღნიშნა პრემიერმა.