საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საგუშაგოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ.
პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ, ასევე კორონავირუსის მიერ შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.
პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები შალვა ბედოიძე და იოსებ ჭელიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი.