პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვეს მიტჩელმა, საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას.
მისი შეფასებით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში, განხორციელებული რეფორმების კუთხით და განსაკუთრებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლი რეფორმის პროცესში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოთქვა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დეტალურად არის ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია; გასული 2017 წელი კი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი რეგიონში. ასევე, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აშშ-ის როლს ნატოს მომავალი სამიტისთვის საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.
სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელს, ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომელზეც კიდევ ერთხელ იქნება განხილული აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.