პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია
პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.
50 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო, მოსასვენებელ, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებთან ერთად დამსვენებელს სთავაზობს ტურისტულ აღჭურვილობასაც, რომელიც მფლობელმა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეიძინა. თანადაფინანსების მოცულობამ 4 600 ლარი შეადგინა.
სასტუმროში განთავსებულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ველოსიპედით, ნავით და კარვებით. სასტუმროს დამფუძნებელმა, მერაბ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს უცხოელი მოგზაურები შიდა ტურისტულმა ნაკადებმა ჩაანაცვლა.
სასტუმროს მფლობელმა აღნიშნა, რომ სასტუმროს სამომავლო გაფართოებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, დამატებითი მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა.
მთავრობის მეთაურმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ახალი პროგრამის, „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ შესახებ, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ დეტალური ინფორმაცია და მომსახურება, რასაც მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამები ითვალისწინებს.
გიორგი გახარიამ სასტუმროს მფლობელებს წარმატებები უსურვა და მოუწოდა, მაქსიმალურად ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით და გააფართოონ ბიზნესი, რათა რაც შეიძლება მეტ ტურისტს უმასპინძლონ.
ამბროლაურში მდებარე სასტუმროში პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერთან, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.