პრემიერ-მინისტრი „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში, „აჭარის ტექსტილის“ საწარმოში პირბადეების დამზადების პროცესს გაეცნო.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით პირბადეებზე მსოფლიოში შექმნილი დეფიციტის გათვალისწინებით.
ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საწარმოში დასაქმებულია 3200 ადამიანი, ეს კი ნიშნავს, რომ შექმნილი კრიზისის მიუხედავად, დაახლოებით 3200 ოჯახს შემოსავლის წყარო უნარჩუნდება.
ორი კვირის განმავლობაში ექვსმა ქართულმა საწარმომ უკვე მილიონი პირბადე დაამზადა. მათ რიცხვს ორშაბათიდან კიდევ ორი საწარმო შეემატება. პრემიერის თქმით, ეს სახელმწიფოს გარკვეულ დროში მისცემს საშუალებას, შიდა ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პირბადეები უპირველეს ყოვლისა უფასოდ დაურიგდათ 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, შემდეგ ჯანდაცვის სექტორს, საპატრულო პოლიციას, მებაჟეებსა და სასურსათო ქსელებში დასაქმებულებს. მომდევნო ეტაპზე კი, ფარმაცევტული ქსელების სრულად მომარაგება იგეგმება.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის პარალელურად, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა კრიზისის დასრულებისთანავე სწრაფად აღიდგინოს ძალები და ჩაანაცვლოს იმპორტი.