პრაღაში, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ჩეხეთის პრეზიდენტს Femen-ის აქტივისტი დაესხა თავს (ვიდეო)
პრაღაში საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანს მოძრაობა Femen-ის აქტივისტი დაესხა თავს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, წელს ზემოთ შიშველი ქალი შეეცადა, ხელი შეეშალა ზემანისთვის ხმის მიცემაში.
აქტივისტი მალევე დააკავა პრეზიდენტის დაცვამ. ინციდენტის შემდეგ მილოშ ზემანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და განაცხადა, რომ მისთვის მოძრაობა Femen-ის აქტივისტის თავდასხმა დიდი პატივია.
დღეს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების პირველი ტური ორდღიანია.
ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, მთავარი კანდიდატები 73 წლის მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ირჟი დრაგოში არიან. მილოშ ზემანი ცნობილია პრორუსული, ანტიმუსლიმური, ანტიმიგრაციული შეხედულებებით.