პრაღაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა
პრაღაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

პრაღის ცენტრში ათასობით ადამიანმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში ვაცლავის მოედნის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მიტინგზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორი დევიდ ონდრაჩეკი და ჩეხეთის ეკოლოგიური ინსპექციის ყოფილი რეგიონული დირექტორი იანა მორავცოვა.

თავად ბაბიში, რომელსაც ოპონენტები კორუფციაში სდებენ ბრალს, აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„ოპოზიცია რეგულარულად დადის დემონსტრაციებზე, რადგან ანტიბაბიში მათი ერთადერთი პროგრამაა, მათ მეტის გაკეთება არ შეუძლიათ“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მორიგი დემონსტრაცია ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრში 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ბაბიშის წინააღმდეგ ჩეხეთში საპროტესტო გამოსვლები გაზაფხულიდან იმართება. მილიარდერ ანდრეი ბაბიშს 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიების თავისი ჰოლდინგისთვის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე. თავად ბაბიში დანაშაულს უარყოფდა და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2019 წლის სექტემბერში პრაღის სახელმწიფო პროკურორმა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება შეწყვიტა. მანამდე, პრემიერის ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ბაბიშის მიერ იუსტიციის მინისტრად დანიშნული მარია ბენეშოვა პრემიერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების მიუკერძოებლობას ვერ უზრუნველყოფდა.