ჩეხეთში ფერმერები ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. პრაღის ცენტრში აქციის მონაწილეები ტრაქტორებით გამოვიდნენ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეაფერხეს.
„აბსოლუტურად უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ გვეპყრობა მთავრობა. არ ისმენენ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ მოვედით არა ბლოკირებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვნები არიან ფერმერები“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მოგვიანებით ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ გამართული დემონსტრაციის ორგანიზატორებს ნამდვილ ფერმერობასთან საერთო არაფერი აქვთ.
ფერმერები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პოლონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში აპროტესტებენ მაღალ გადასახადებს და ითხოვენ, რომ ბიუროკრატიული ნორმები გამარტივდეს.