პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ „ღვთის დაგმობაში“ ბრალდებული ქალის წინააღმდეგ საჩივარი არ დააკმაყოფილა
პაკისტანის სასამართლომ „ღვთის დაგმობაში“ ბრალდებული ასია ბიბის გამამართლებელი განაჩენი გაახანგრძლივა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
ცენტრალური აზიის სახელმწიფოს უზენაესმა სასამართლომ ასია ბიბის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ასია ბიბი პაკისტანის დატოვებას მოახერხებს, რადგან სამშობლოში რადიკალი ისლამისტები მისი სიკვდილით დასჯას ითხოვენ.
ხუთი შვილის დედა ასია ბიბი 2009 წელს დააკავეს. ამის მიზეზი მეზობლების განცხადება გახდა. მეზობლების თქმით, ქრისტიანმა ასია ბიბიმ მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელი შეურაცხყო. ერთი წლის შემდეგ მას „ღვთის დაგმობისთვის“ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. რამდენიმე თვის წინ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა და ასია ბიბი უდანაშაულოდ ცნო.
გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ასია ბიბი უსაფრთხოების მიზნით, ამ დრომდე დაკავებულია. ის სპეციალურ უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
ასია ბიბის მეუღლე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის თავშესაფარს სთხოვს.
ღვთის დაგმობა პაკისტანში სიკვდილით ისჯება. ცენტრალური აზიის ქვეყანაში 180 მილიონიანი მოსახლეობის 97 პროცენტი მუსლიმია. უფლებადამცველი აქტივისტები უკვე მრავალი წელია, კანონის შემსუბუქებას ითხოვენ. მათი განცხადებით, კანონს ადგილობრივები ხშირად პირადი შურისძიებისთვის იყენებენ.