საქართველოში პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა 9 მარტიდან დაიწყება
საქართველოში პოსტკოვიდური პაციენტების კვლევა 9 მარტიდან დაიწყება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 9 მარტიდან ქვეყანა ახალ კლინიკურ კვლევებს იწყებს.

მისი განმარტებით, გამოიკლვლევენ იმ პაციენტებს, რომლებმაც „კოვიდ-19“ უკვე გადაიტანეს.

„9 მარტიდან ჩვენ ვიწყებთ დიდ, ძალიან სერიოზულ კვლევას პოსტკოვიდური სინდრომით ავადმყოფებზე. რა არის პოსტკოვიდური სიმპტომი – როგორც მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, კოვიდგადატანილი ავადმყოფების მნიშვნელოვან ნაწილს,  ემპირიულად ნახევარზე მეტს, დაავადების გადატანისთანავე რჩება რაღაც ჩივილები და გამოვლინებები, ან დაავადების გადატანისთანავე ის განიკურნება, არაფერი აწუხებს, მაგრამ დაავადების დამთავრებიდან 1 ან 2 თვის შემდეგ უჩნდება სიმპტომი სხვადასხვა გამოვლინებით. ამას მსოფლიოში დაარქვეს პოსტკოვიდური სიმპტომი. თუ ეს ჩივილები და სიმპტომები ჩნდება დაავადების გადატანისთანავე, პირველი თვის განმავლობაში, ანუ ფაქტობრივად, ავადმყოფი გამოჯანმრთელდება კოვიდისგან, მაგრამ რაღაც ჩივილები უგრძელდება, მაგალითად, ტემპერატურის მატება, სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა, ნევროლოგიური სიმპტომები, გული და სხვა, მაშინ ამას ვეძახით გახანგრძლივებულ კოვიდს.

თუ ეს იწყება დაავადების დამთავრებისთანავე და გრძელდება პირველი თვის მანძილზე, ვეძახით გახანგრძლივებულ კოვიდს. ხოლო თუ პაციენტი კოვიდის შემდეგ გაჯანმრთელდება, არაფერი აწუხებს და ერთი თვის შემდეგ ეწყება ეს გამოვლინებები, მას ქვია პოსტკოვიდური სინდრომი.

ამ სინდრომზე ძალიან დიდი ინტერესია, რადგან ადამიანებს აწუხებთ ეს და არ იციან, როგორ მოიქცნენ, ვის მიმართონ, რომელ ექიმს, არ იციან, ეს საშიშია, თუ არა, არ იციან, ადრე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავებაა, კოვიდის მიერ პროვოცირებული, თუ ორგანოთა სისტემების რაღაც ახალი დაზიანებაა გამოწვეული კოვიდის ვირუსით, რომელიც მანამდე, კოვიდამდე არ იყო.

ამ ყველაფრის დასადგენად საჭიროა კვლევები. ჯერჯერობით,  მსოფლიოში დადებულია მხოლოდ ორი ძალიან სერიოზული კვლევა, მხოლოდ ინგლისის მთავრობის მიერ დაფინანსებული, სადაც ინგლისის მოსახლეობის მაგალითზე დადებულია მონაცემები, თუ რა არის პოსტკოვიდური სინდრომი, რა პერიოდში, როგორ ვლინდება, რა შედეგები აქვს და სხვა.

საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, არადა ეს ძალიან საინტერესოა იმ უბრალო მიზეზით, რომ შემდეგ ექიმებმა იცოდნენ, როგორ უნდა მართონ კოვიდური სინდრომი და რა სერვისები უნდა მიაწოდონ ასეთ ავადმყოფებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განმარტებით, კვლევის მიზანია, დაადგინონ პოსტკოვიდური სინდრომის სიხშირე კოვიდგადატანილ პაციენტებში.

„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, კოვიდგადატანილი პაციენტების რამდენ პროცენტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი, როგორია პოსტკოვიდური სინდრომის სიხშირე ქალებსა და კაცებში. ასევე, როგორ ნაწილდება პოსტკოვიდურო სინდრომი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, როგორია ამ სინდრომის სიხშირე იმ პაციენტებში, ვინც ჰოსპიტალიზებული იყო და იმათში, ვინც ბინაზე გადაიტანა ან შედარებით მსუბუქი ფორმა ჰქონდა. ბოლოს ყველაზე მთავარი, პოსტკოვიდური სინდრომის რა გამოვლინებები, რა სიხშირით ხვდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა კვლევაში პაციენტების ჩართვა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შერჩეული პაციენტები  მკურნალობდნენ როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში.

„რამდენიმე დღის გამოსაკვლევი გვარები დაზუსტებულია, შეტყობინებები დაგზავნილია და ისინი 9 რიცხვიდან დაიწყებენ მოსვლას, ამის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება ახალ-ახალი პაციენტების გამოძახება. ამ პაციენტებს ჩაუტარდებათ ყველანაირი კვლევა, როგორც კლინიკური, ისე ინსტრუმენტული. კვლევის ორგანიზატორი ჩვენ ვართ, მაგრამ კვლევაში მონაწილეობს ოთხი, თუ ხუთი კლინიკა. მონაწილეობენ ნევროლოგები, კარდიოლოგები, ჩაფიძის ცენტრი, პულმუნოლოგები, ტუბერკულოზის ცენრტრი, თოდუას ცენტრი. კვლევის ბოლოს დაიდება შედეგები.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით დაიწყება პროგრამა და გაუწევს მომსახურებას, სერვისებს არა კვლევაში მყოფ პაციენტებს, არამედ პოსტკოვიდური სიმპტომის მქონე ყველა ავადმყოფს ქვეყნის მასშტაბით. როგორც შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამა, ისე მოემსახურება ეს პროგრამა პაციენტებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.