პორტუგალიის სანაპიროსთან სამი ტონა კოკაინის გადატანის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქართველი
პორტუგალიის სანაპიროსთან სამი ტონა კოკაინის გადატანის ბრალდებით 11 პირი დააკავეს, მათ შორის ერთი ქართველი

ესპანეთმა და პორტუგალიამ ერთობლივი ოპერაციის შედეგად, პორტუგალიის სანაპიროსთან სამი ტონა კოკაინი ამოიღეს, დაკავებულია 11 ეჭვმიტანილი, რომელთა შორის ერთი ქართველია, – ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავებულთა შორის ასევე არიან უკრაინის რვა მოქალაქე, ნიდერლანდებისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

გამოძიება 15 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ნარკოტიკი სამხრეთ ამერიკიდან იყო ტრანსპორტირებული. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ ევროს შეადგენდა.

ესპანეთის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკის ტრანსპორტირება გემით ესპანეთში ხდებოდა. ტვირთი პორტუგალიის უსაფრთხოების ძალებმა ატლანტიკის ოკეანეში, პორტუგალიის სანაპიროდან 150 მილის მოშორებით დააკავეს.

ოპერაცია 29 იანვარს ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ახლა გასაჯაროვდა.