პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია
ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, – ამის შესახებ პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა.
მისივე თქმით, რეალურია რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე, ასევე, ღრმად შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით.
„ახლა დროა, ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობა აღდგეს და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი, რაც დაგვეხმარება ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნებაში, ასევე, ისეთი პირობების შექმნაში, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაცული იყოს. ეუთო რჩება ერთადერთ მულტილატერალურ სივრცედ, გაერო-ს გარდა, სადაც ხდება ევროპაში არსებული საერთო გამოწვევების გადაჭრა. რუსეთის უგუნურ ქმედებებს ჰქონდა საშინელი გავლენა ეუთო-ზე. ნდობა სერიოზულად შეირყა, რაც ძირს უთხრის ეუთო-ს ვალდებულებებს. ვწუხვარ, რომ ჩვენ უფრო დიდი მანძილით ვართ შორს იმ მიდგომის შესრულებისგან, რაც გულისხმობს ყოვლისმომცველი, თანამშრომლობაზე დამყარებული და განუყოფელი უსაფრთხოების თანამეგობრობის ჩამოყალიბებას, რაზეც ერთ დროს ჩვენ თავად შევთანხმდით. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ აღნიშნავს გადახრის მომენტს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უგუნური ქცევის მორიგი მსხვერპლი ეუთო არ გახდეს. პორტუგალიას სჯერა, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს შემართებას, გავაგრძელოთ კიევის მხარდაჭერა, როდესაც უკრაინა იყენებს თავდაცვის უფლებას. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და უზრუნველვყოფთ სამხედროების სწავლებას, რადგანაც დღეს სწორედ ეს გახლავთ ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი. ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებელობას, რათა ვუთხრათ რუსეთს, რომ შეწყვიტოს აგრესია, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინიდან დაუყოვნებლივ, რადგანაც მხოლოდ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ საშინელ ომზე. რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე ჩვენს რეგიონში არსებულ გაჭიანურებულ კონფლიქტებზე რეალურია. მთიან ყარაბაღში, ეთნიკური სომხების ტრაგიკული მდგომარეობა, რომლებსაც ჰქონდათ რუსების ჩაურევლობის იმედი, რუსეთის ქმედებები და მუქარები მოლდოვისა და საქართველოს მისამართით, დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ასევე ღრმად შემაშფოთებელია“, – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.