პორტუგალიის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის კანდიდატის სტატუსით ცრუ მოლოდინების შექმნას რისკავს
პორტუგალიის პრემიერი ანტონიუ კოშტა აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის კანდიდატის სტატუსით ცრუ მოლოდინების შექმნას რისკავს. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ანტონიუ კოშტამ „ფაინენშალ თაიმსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კოშტას განცხადებით, აუცილებელია იმ საგანგებო ვითარებაზე რეაგირება, რომელშიც ახლა უკრაინა, უკრაინელი ხალხი ცხოვრობს და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც არსებული პრობლემები კვლავ გადასაჭრელი იქნება.
მისი თქმით, ევროკავშირი ამ საკითხთან მიმართებით მხოლოდ უთანხმოებას გამოავლენს, რითაც საჩუქარს გაუკეთებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
„ორიენტირებული ვარ, რომ შემდგომ ევროპულ საბჭოზე მივიღო მკაფიო ვალდებულება სასწრაფო მხარდაჭერაზე და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გრძელვადიანი პლატფორმის შექმნაზე. ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი არა უკრაინის შესახებ სამართლებრივი დებატები, არამედ პრაქტიკული მიწოდებაა. ამ მკაფიო და დაუყოვნებელი მხარდაჭერისთვის, ჩვენ არ გვჭირდება ახლა მოლაპარაკებების დაწყება ან პროცედურა, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება. მაკრონი საუბრობს ათწლეულებზე, მე არ ვსაუბრობ ათწლეულებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ხანგრძლივ პერიოდზე. არსებობს ცრუ მოლოდინების შექმნის დიდი რისკი, რაც მწარე იმედგაცრუებად გადაიქცევა. ნაკლები სამართლებრივი დებატები, მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კოშტამ.
მისივე განცხადებით, გასულ თვეში ემანუელ მაკრონის მიერ წამოყენებული იდეა ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის შესახებ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ სურთ გაწევრიანება ან არ აკმაყოფილებენ სრულ კრიტერიუმებს, შეიძლება, იყოს კარგი იდეა ბევრი პრობლემის გადასაჭრელად.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვადასხვა საშუალება, რომ ვიყოთ პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები ერთ კონტინენტზე“, – განაცხადა პორტუგალიის პრემიერმა.