პორტუგალიის პარლამენტმა დეპუტატი მარია ჟოაო როდრიგეში თანაშემწის ფსიქოლოგიურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო
პორტუგალიის პარლამენტმა დეპუტატი მარია ჟოაო როდრიგეში თავისი თანაშემწის ფსიქოლოგიურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ პლენარულ სესიაზე პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ტელიჩკამ განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.
პორტუგალიის პარლამენტის სპეციალურ კომიტეტს დეპუტატის თანაშემწემ საჩივრით იანვარში მიმართა.
„სოციალისტური პარტიის“ წევრს, მარია ჟოაო როდრიგეშის წინააღმდეგ წარდგენილი იყო ცხრა ბრალდება. დეპუტატის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს შორის იყო დეკრეტული შვებულების შემდეგ თანამშრომლისთვის ხელფასის შემცირების მცდელობა, ავადმყოფობის გამო ბიულეტენზე მყოფი თანამშრომლისთვის ღამით დავალების შესრულების თხოვნა და თანამშრომლებისგან სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მუშაობის მოთხოვნა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც როდრიგეშის წინააღმდეგ საჩივრების შესახებ გახდა ცნობილი, პორტუგალიის „სოციალისტურმა პარტიამ“ ის ევროპარლამენტის არჩევნებში კანდიდატთა სიიდან გარიცხა.
პარლამენტის კომიტეტის გადაწყვეტილებით, როდრიგეშს სანქციები დაუწესდება.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი სამუშაო ადგილზე თავს ცუდად გრძნობდა, ასევე ვწუხვარ იმ ფაქტის გამოც, რომ მას არასდროს უსაუბრია ჩემთან იმაზე, თუ რას გრძნობდა“, – აღნიშნა დეპუტატმა კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ.
როდრიგეშის თქმით, ის კომიტეტის ინტერპრეტაციებს არ ეთანხმება. დეპუტატის მტკიცებით, ბრალდებების უმეტესობა ყალბია და წარმოდგენილია კონტექსტის გარეშე.
„მთელი ჩემი გუნდისთვის ეს იყო ძალიან რთული სამუშაო, რომელიც სავსე იყო გამოწვევებითა და მოთხოვნებით. ბუნებრივია, როგორც ყველა მსგავს მომთხოვნ სამუშაო გარემოში, იყო სტრესული მომენტები, თუმცა ჩემმა გუნდმა შეძლო ამ გამოწვევების გადალახვა“, – განაცხადა პორტუგალიის პარლამენტის წევრმა.