პორტუგალიაში იანვარში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილს გაუქმდება
პორტუგალიაში იანვარში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილს გაუქმდება

პორტუგალიაში იანვარში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილს გაუქმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, მარსელუ რებელუ დი სოზამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

„გადავწყვიტე, არ განვაახლო საგანგებო მდგომარეობა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულია ვითარების სტაბილიზაცია და გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობის შემცირება, ასევე ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტების რაოდენობა და გავრცელების მაჩვენებლის შემცირება“,  -განაცხადა პრეზიდენტმა.

პორტუგალის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შენარჩუნდეს ან დამატებით დაწესდეს ისეთი ზომები, რომლებიც ქვეყანას ინფიცირების მაჩვენებლის კვლავ ზრდას თავიდან ააცილებს.

როგორც მარსელუ რებელუ დი სოზამ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, ის უყოყმანოდ გამოაცხადებს ხელახლა საგანგებო მდგომარეობას.

ათმილიონიანი მოსახლეობის მქონდე პორტუგალიაში აღრიცხულია კორონავირუსის 834 991 შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 16 900-ს შეადგენს.

26 აპრილს პირველად აგვისტოს შემდეგ, პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.