პორტუგალიაში ბენზინმზიდი მანქანების მძღოლებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს
პორტუგალიაში დღეიდან ბენზინმზიდი მანქანების მძღოლებმა უვადო გაფიცვა გამოაცხადეს. პროფკავშირები მძღოლებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
გაფიცვის გამო ლისაბონსა და სხვა ქალაქებში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი შეიქმნა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრ ანტონიუ კოშტას სოციალისტურმა მთავრობამ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი გამოაცხადა. პრემიერის განკარგულებით, კრიზისული მდგომარეობა 21 აგვისტომდეა გამოცხადებული, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს საწვავის მიწოდება პორტებისთვის, საავადმყოფოებისთვის, აეროპორტებისთვის, პოლიციისთვის, საგანგებო სამსახურებისთვის და სხვა პრიორიტეტული დაწესებულებებისთვის. ამავე დროს, მოქალაქეებისთვის საწვავის შეძენა შეზღუდული იქნება.
„პასუხისმგებლიანი მთავრობა უნდა მოემზადოს უარესისთვის“, – განაცხადა კოშტამ პორტუგალიაში ენერგეტიკული კრიზისის გამოცხადებისას.