პოროშენკოს წინააღმდეგ სააკაშვილის სარჩელის განხილვისას დაცვის მხარემ მოსამართლეთა კოლეგიის აცილება მოითხოვა
უკრაინის უზენაესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვას განაგრძობს.
მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სთხოვს, უკანონოდ ცნოს პეტრო პოროშენკოს განკარგულება, რომლითაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარემ დღეს მოსამართლეთა კოლეგიის აცილება მოითხოვა. სააკაშვილის ადვოკატების მტკიცებით, ისინი არ ენდობიან ხუთი მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას. კოლეგიას მოსამართლე ხანოვა ხელმძღვანელობს. თავის მხრივ, თავად მოსამართლე ხანოვა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებენ, რომ აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების ვადა უკვე ამოიწურა.
„ჩვენ იურიდიული პრობლემა გვაქვს და არა პოლიტიკური“, – განაცხადა მოსამართლემ.
თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, რომ მოსამართლეთა კოლეგია უკანონოდ არის ჩამოყალიბებული. ამას გარდა, „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის დაცვის მხარის მტკიცებით, მოსამართლე ხანოვას საქმიანობაში 2010 წელს მიკერძოებულობის ნიშნები იყო.
„ჩვენ ვერ ვენდობით ამ სასამართლოს შემადგენლობას: ეს კოლეგია ხელოვნურად ჩამოყალიბდა. ჩვენ ამის საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს. პირობას ვდებთ, რომ დავამტკიცებთ ამას და მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში კანონიერი გზით დავაბრუნებთ“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
სასამართლომ საქმის განხილვა დროებით შეაჩერა, ვიდრე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავს.