„პოლონური რადიო“ - პოლონეთის სენატმა უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
პოლონეთის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ, – ინფორმაციას „პოლონური რადიო“ ავრცელებს.
რეზოლუციის თანახმად, სენატში გამოდიან ინიციატივით, რომ უკრაინის ალიანსში მისაღებად გამოიყენონ ის პროცედურები, რაც ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში გამოიყენეს.
„საშინელი ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ვიცით, რომ უკრაინა რუსეთთან დაპირისპირებით იცავს ევროპას და არის მთავარი რგოლი, რომელიც იცავს კონტინენტს აღმოსავლეთის აგრესიისგან. დღეს უკრაინას ჰყავს უძლიერესი არმია არაჩვეულებრივი საბრძოლო გამოცდილებით. უკრაინის არმია სწრაფად აღიჭურვა ნატო-ს ტექნიკით და იყენებს ტაქტიკას, რომელსაც დასავლელი მოკავშირეები ათწლეულების განმავლობაში ავითარებდნენ“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტის თანახმად, ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ უნდა მიიღოს მეტი, ვიდრე „ღია კარის პოლიტიკის შესახებ“ წინა განცხადებებია. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა გახდეს უკრაინის სრულუფლებიანი წევრობისთვის მომზადების პროცესში.
პოლონეთის სენატში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები თუ შესთავაზებენ დადებით წინადადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ეს უკრაინისთვის მიუღებელი იქნება.