პოლონური მედიის ცნობით, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ პოლონური მედია ევროკავშირში პოლონეთის ელჩის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
მათივე ინფორმაციით, შემდეგი შეხვედრა მომდევნო კვირას არის დაგეგმილი.
ევროკავშირში პოლონეთის ელჩის, ანდჟეი სადოსის თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნულ პაკეტში ბევრი საკითხი საკმაოდ კომპლექსურია, ამიტომ ღრმა ანალიზს საჭიროებს. ასევე, დიპლომატმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ელჩები შეთანხმებას მომავალ შეხვედრაზე მიაღწევენ.
პოლონელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ვარშავა რუსეთიდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქტის იმპორტის აკრძალვასაც ითხოვს.
„შექმნილ ვითარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ რუსული აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტის ნებართვის გაგრძელების გამართლებას“, – განაცხადა ანდჟეი სიდოსმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმდინარე კვირას კიევში ვიზიტისას აღნიშნა, რომ სანქციების ახალი პაკეტი უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის საკითხებზე იქნებოდა ორიენტირებული.