პოლონური მედია - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის დემარშს უნგრეთი ბლოკავდა, რომელმაც პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ზეწოლის შედეგად წინააღმდეგობა შეწყვიტა
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის დემარშს თავდაპირველად უნგრეთი ბლოკავდა, რომელმაც პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ზეწოლის შედეგად წინააღმდეგობა შეწყვიტა. შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
10 თებერვალს ევროკავშირის სამიტზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად არის, ,მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.
„ჩვენ გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაზე უარესი დაემართოს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა სამიტის დასრულების შემდეგ.
როგორც პოლონური რადიო RMF 24 იტყობინება, პოლონეთის მიერ ინიცირებულ პროტესტზე ხელმოსაწერად მზად იყო ევროკავშირის ყველა ქვეყანა, გარდა უნგრეთისა, რომელმაც ის დაბლოკა. ამგვარი ოფიციალური პროტესტისთვის, რომელსაც დიპლომატიურ ენაზე დემარშს უწოდებენ, აუცილებელია გადაწყვეტილების ერთხმად მიღება. როგორც მედიასაშუალება წერს, საბოლოოდ, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ზეწოლის შედეგად, უნგრეთი დანებდა.