პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ წყალდიდობას კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.
დაღუპულთაგან ერთ-ერთის ცხედარი მაშველებმა ქვედა სილეზიის სავოევოდოს ერთ-ერთ ქალაქში, მანქანაში აღმოაჩინეს. გამომძიებლების განცხადებით, წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მამაკაცი ადგილობრივი არ იყო. მეორე ცხედარი მაშველებმა მდინარის ნაპირზე იპოვეს.
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესები შეჩერებულია. პოლონეთის მთავრობამ დაზარალებულ რაიონებში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან მოქალაქეების ევაკუაცია აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წყალდიდობასთან საბრძოლველად მილიარდი ზლოტი გამოყო.
წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთსა და სლოვაკეთში.