პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა
პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ასობით ადამიანი ვარშავაში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან შეიკრიბა. მოგვიანებით კი, დემონსტრანტები მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ოფისისა და მისი ლიდერის იაროსლავ კაჩინსკის სახლისკენ გაემართნენ. დედაქალაქში მანიფესტაციაზე სამართალდამცველებმა 15 ადამიანი დააკავეს.
ვარშავის გარდა, საპროტესტო აქციები გაიმართა კრაკოვში, ლოძსა და შჩეცინში.
პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების გადაწყვეტილება 22 ოქტომბერს მიიღო. ეს ნიშნავს, რომ პოლონეთში აბორტი თითქმის სრულად აიკრძალება. „ბიბისის“ ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტა აკრძალული იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემებია.
გამონაკლისის სახით პოლონეთში აბორტის გაკეთება მხოლოდ გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების დროს და იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დედის ჯანმრთელობას უკიდურესი საფრთხე დაემუქრება.