პოლონეთში რუსეთის დროებითი რწმუნებული - რუსეთი არ გააკეთებს განმარტებებს სარაკეტო ინციდენტის შესახებ, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები
რუსეთი არ გააკეთებს განმარტებებს პოლონეთში მომხდარი სარაკეტო ინციდენტის შესახებ, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, – ამის შესახებ პოლონეთში რუსეთის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი ორდაშმა განაცხადა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის დროებითი რწმუნებული პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„ვიდრე არ იქნება კონკრეტული მტკიცებულებები, ჩვენ არ მივცემთ ახსნა-განმარტებებს, რადგან ეს ბრალდებები უსაფუძვლოა“, – განაცხადა ორდაშმა.
მისივე თქმით, არც ისე დიდი ხნის წინ, პოლონეთი ცდილობდა რუსეთის დადანაშაულებას მსგავსი ინციდენტის გამო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ დამნაშავე უკრაინა იყო.
„ეს ვითარება ძალიან მოგვაგონებს გასული წლის ნოემბერში მომხდარ ინციდენტს, როცა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა დაეცა და ორი ადამიანი დაიღუპა, შემდეგ ამ ინციდენტში რუსული მხარის დადანაშაულებაც სცადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ რაკეტა უკრაინელი სამხედროების მიერ იყო გაშვებული“, – აღნიშნა ორდაშმა.
შეგახსენებთ, პოლონეთის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისგან საჰაერო სივრცის დარღვევისთვის განმარტებები მოითხოვეს, რუსეთის დროებით რწმუნებულს კი, საპროტესტო ნოტა გადასცეს.