პოლონეთში მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ასარჩევად პრაიმერიზი 22 ნოემბერს დაინიშნა
პოლონეთში მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კოალიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ასარჩევად პრაიმერიზი 22 ნოემბერს დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, დოროტა ნედზელიამ განაცხადა, რომ 22 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე სამოქალაქო კოალიციაში შემავალი პარტიების აქტივისტები ტელეფონზე მიიღებენ შეტყობინებას, რომელშიც განმარტებული იქნება ხმის მიცემის წესი.
„კანდიდატებს მიენიჭებათ ნომრები, ნომერი 1 – რაფალ ტშასკოვსკი, ნომერი 2 არის რადოსლავ სიკორსკი. აქტივისტებს მოუწევთ შეტყობინების სახით მხოლოდ ერთიანის ან ორიანის გაგზავნა“, – განმარტა კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთი შეტყობინების გაგზავნა. შედეგები კი 23 ნოემბერს გამოცხადდება.
„სამოქალაქო კოალიციის“ მიერ არჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი თავის პროგრამას 7 დეკემბერს, სილეზიაში გამართულ პარტიის ყრილობაზე წარადგენს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ „სამოქალაქო კოალიციის“ კანდიდატებს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვთ, ვიდრე პოლონეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს.