პოლონეთში მასწავლებლები, ანაზღაურების მომატების მოთხოვნით, დემონსტრაციას მართავენ
პოლონეთში ანაზღაურების მომატების მოთხოვნით მასწავლებლების მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, მასწავლებლები მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ და განათლების სამინისტროს წინ შეიკრიბნენ.
პოლონელმა მასწავლებლებმა უვადო გაფიცვის შესახებ ორი კვირის წინ განაცხადეს. მათი მთავარი მოთხოვნა თვიური ანაზღაურების მომატებაა. ვითარებას ართულებს ფაქტი, რომ ქვეყანაში 10 აპრილის შემდეგ სასკოლო გამოცდები მიმდინარეობს. სკოლების დიდ ნაწილში კი სადაც გამოცდები ტარდება, მასწავლებლები გაფიცულები არიან. ამიტომ ხელისუფლებას მოხალისეებისგან საგამოცდო კომისიის ფორმირება უმოკლეს ვადაში მოუხდა. ამის მიუხედავად, გამოცდების ჩაბარება მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა.
პოლონეთის მასწავლებელთა კავშირის ინფორმაციით, უდავო გაფიცვაში მონაწილეობას სკოლების 75 პროცენტი იღებს. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ხელისუფლება. მათი თქმით, გაფიცვას სკოლების მხოლოდ 50 პროცენტი შეუერთდა.
ამ მომენტისთვის მთავრობა აქტივისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.