პოლონეთში ფრინველის გრიპით კატების ინფიცირების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება — #1tvმეცნიერება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც საკმაოდ ვრცელ ზონაში ფრინველის გრიპით „დიდი ოდენობით“ კატის ინფიცირების შესახებ იუწყება. ორგანიზაცია იქვე აღნიშნავს, რომ ადამიანების ინფიცირების რისკი დაბალია.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლონეთის ჯანდაცვის უწყებებმა ქვეყნის მასშტაბით კატების უჩვეულო სიკვდილიანობის შესახებ მას გასულ თვეში შეატყობინეს; მათგან 29 კატა ფრინველის გრიპი H5N1-ით ინფიცირებული აღმოჩნდა.
ჯამში, ვირუსი დაუდასტურდა 46 კატას და ერთ ტყვეობაში მყოფ კარაკალს. 14 ინფიცირებულ ცხოველს ევთანაზია ჩაუტარეს, 11 კი მოკვდა.
სიკვდილის ბოლო შემთხვევა 30 ივნისს დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კატებში ვირუსის გავრცელების წყარო ამ დროისთვის უცნობია და მიმდინარეობს ეპიზოოტიური კვლევები.
ზოგიერთ კატას სიმპტომები გაუმწვავდა, მათ შორის, აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ფაღარათი და ნევროლოგიური ნიშნები, რიგ შემთხვევებში სწრაფი გაუარესებითა და სიკვდილით.
2021 წლის ბოლოდან, ევროპაში ფრინველის გრიპის ყველაზე მწვავე ეპიდემია დაფიქსირდა; ასეთივე მწვავე შემთხვევები აღინიშნა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც.
შედეგად, ფერმებში საჭირო გახდა ათობით მილიონი შინაური ფრინველის განადგურება, რადგან მრავალი მათგანი ინფიცირებული იყო H5N1 შტამით, რომელიც 1996 წელს გამოჩნდა.
ბოლო პერიოდში, ინფიცირების შემთხვევათა შემაშფოთებელი მატება ფიქსირდება ძუძუმწოვრებში.
გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, კატებში H5N1-ის სპორადული გავრცელება აქამდეც ფიქსირდებოდა.
„თუმცა, ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით კატაა ინფიცირებული ერთი ქვეყნის საკმაოდ ვრცელ გეოგრაფიულ არეალში“, — იუწყება ორგანიზაცია.
მისივე ცნობით, 12 ივლისის მონაცემებით, ინფიცირებულ კატებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებში სიმპტომები არ გამოვლენილა და იქვე აღნიშნავს, რომ ყველა კონტაქტზე უკვე დასრულდა მეთვალყურეობის პერიოდი.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ინფიცირებულ კატებთან კონტაქტის შემდეგ ადამიანის ინფექციების რისკი პოლონეთის მთლიანი მოსახლეობისთვის შეფასებული იყო როგორც დაბალი.
ფრინველის გრიპის შემთხვევები ადამიანებში იშვიათია, მაგრამ თუ მაინც მოხდა, შეუძლია გამოიწვიოს მწვავე დაავადება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით.
ადამიანებში H5N1-ის შემთხვევები ძირითადად არის ცოცხალ ან ინფიცირებულ ფრინველთან და დაბინძურებულ გარემოსთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შედეგი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2020 წლიდან დღემდე, მსოფლიოში აღრიცხულია H5N1-ით ადამიანთა ინფიცირების 12 შემთხვევა. მათგან ოთხი შემთხვევა მწვავე იყო, რვა კი მსუბუქი ან უსიმპტომო.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.