პოლონეთში ეპიდემიის რეჟიმი გამოაცხადეს. მთავრობის გადაწყვეტილება მოქალაქეებს საგანგებო პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააცნო. მატეუშ მორავიეცკის თქმით, აღნიშნული რეჟიმის შემოღება ხელისუფლებას მოქმედების მეტ თავისუფლებას აძლევს, რაც „პოლონეთის მძიმე კვირების“ მომზადებისთვისა არის საჭირო.
ეპიდემიის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მთავრობას ექნება შესაძლებლობა ექიმები ქვეყნის იმ ნაწილში გაგზავნონ, სადაც ეპიდაფეთქება დაფიქსირდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აპრილის შუა რიცხვებში სიტუაცია გაუმჯობესდება.
პოლონეთში ახალი კორონავირუსის 411 შემთხვევაა აღრიცხული. ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 898 პაციენტი, რომელსაც შესაძლოა, „კოვიდ-19“-ი ჰქონდეთ. 62 ათასი ადამიანი კარანტინში იმყოფება.