პოლონეთში ცნობილი ინტელექტუალური გასართობის Escape Room-ის თამაშის დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა
პოლონეთში ცნობილი ინტელექტუალური გასართობის, Escape Room-ის თამაშის დროს ხუთი მოზარდი გოგონა დაიღუპა. BBC-ის ცნობით, შენობაში სადაც მოზარდები თამაშობდნენ, ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის დროს ასევე მძიმედ დაშავდა 25 წლის მამაკაცი.
ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კოშალინში, ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე მოხდა. 15 წლის გოგონები ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად გასართობ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და ცნობილ ინტელექტუალურ თამაშს თამაშობდნენ.
ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ხელისუფლებამ ინტელექტუალური გასართობი თამაშის ყველა შენობის შემოწმების განკარგულება გასცა.
ინტელექტუალურ თამაშ Escape Room-ის წესების თანახმად, მოთამაშეები ერთ სივრცეში იკეტებიან და რიგი თავსატეხების საშუალებით ტერიტორიიდან თავის დაღწევის გზებს ეძებენ. აღნიშნული თამაში მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რიგ ქვეყნებში გასართობ დაწესებულებებში Escape Room-ისთვის სპეციალური ტერიტორიებია გამოყოფილი.