პოლონეთში ათიათასობით ადამიანი ახალი მთავრობის რეფორმებს აპროტესტებს
პოლონეთში ათიათასობით ადამიანი ახალი მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ გამოვიდა. „როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტები საზოგადოებრივ მედიაში ახალ რეფორმებსა და ორი პოლიტიკოსის დაპატიმრებას აპროტესტებენ.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა მოისმინეს პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ დეპუტატების გამოსვლებიც, შემდეგ კი ისინი მსვლელობით საზოგადოებრივი ტელევიზიის ოფისებისკენ გაემართნენ.
„ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს დიდი ბრძოლა სუვერენული, დამოუკიდებელი პოლონეთისთვის“, – აღნიშნა პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ.
შეგახსენებთ, ახალმა მთავრობამ საზოგადოებრივი მედიის ხელმძღვანელობა შეცვალა. მათი თქმით, ეს ბალანსის აღდგენის მცდელობაა, რადგან ისინი წინა ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდნენ.
ამასთან, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების თაობაზე პროცედურების გატარებას დაწყების შესახებ განაცხადა.
პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა. კამინსკი და ვასიკი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2007 წელს განხორციელებული ქმედებებისთვის გაასამართლეს. ანჯეი დუდამ ისინი 2015 წელს შეიწყალა, თუმცა გასული წლის ივნისში პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ მათი შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ პოლიტიკოსები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. დეკემბრის მიწურულს ვარშავის რაიონულმა სასამართლომ მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.