პოლონეთში აცხადებენ, რომ კანადიდან უკრაინელი ესესელი ვეტერანის ექსტრადირება სურთ
პოლონეთს უკრაინელი ესესელი ვეტერანის კანადიდან ექსტრადირება სურს. როგორც პოლონეთის განათლების მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა განაცხადა, მან უკვე გადადგა ნაბიჯები, რათა 98 წლის იაროსლავ ჰუნკა პოლონეთს გადასცენ.
ჰუნკას გარშემო სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას, ვოლოდიმირ ზელენსკის კანადაში ვიზიტის დროს, ის პარლამენტში მიიწვიეს. კანადის პარლამენტის სპიკერმა, ენტონი როტამ ჰუნკა წარადგინა, როგორც კანადელი-უკრაინელი ომის გმირი, რასაც დეპუტატების ოვაციები მოჰყვა.
აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა ებრაული ორგანიზაციების და ლიდერების მწვავე კრიტიკა, რადგანაც, როგორც მოგვიანებით ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, ჰუნკა მსახურობდა მე-14 ვაფენ-ესეს-ის გრენადიერთა დივიზიაში, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც გალიციის დივიზია. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა.
„მე გადავდგი ნაბიჯები, რათა ამ კაცის პოლონეთში ექსტრადირება მოხდეს“, – წერს პოლონეთის განათლების მინისტრი „ტვიტერზე“.
მისი თქმით, მან უკვე მოითხოვა გამოძიების ჩატარება, რათა დადგინდეს ჰუნკას მიერ პოლონელი ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებები, რაც მისი კანადიდან პოლონეთში ექსტრადირების საფუძველი იქნება.
მანამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ჰუნკას პარლამენტში მიწვევას უკიდურესად უხერხული ფაქტი უწოდა.