პოლონეთში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებასთან კავშირი არ აქვთ
პოლონეთის ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი კშიშტოფ გავკოვსკი „ჩრდილოეთის ნაკადის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის აფეთქებასთან ქვეყნის კავშირს უარყოფს.
მინისტრმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანულმა გაზეთმა ქვეყნის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ავგუსტო განინგომი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმა, სავარაუდოდ, პოლონეთის მხარდაჭერით მოხდა. განინგომის თქმით, გერმანიის მთავრობამ პოლონეთისა და უკრაინის მთავრობებისგან კომპენსაციის მიღების საკითხიც უნდა განიხილოს.
გავკოვსკის თქმით, გერმანიის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის განცხადება რუსული დეზინფორმაციის ანარეკლია და ნატო-ს ქვეყნებს შორის უთანხმოებას ისახავს მიზნად.
„ეს ჟღერს, როგორც რუსული დეზინფორმაცია, ან შთააგონეს, რომ ასე ილაპარაკონ, ან იაზრებენ, რომ ეს ნატო-ში განხეთქილებას იწვევს. ჩემი აზრით, ყველა მითითება, სადაც საუბარია, თუ საიდან შეიქმნა „ჩრდილოეთის ნაკადის“ პრობლემა, მოსკოვიდან მოდის“, – განაცხადა გავკოვსკიმ.
რაც შეეხება კომპენსაციის გადახდას, მინისტრმა ამაზე უარი განაცხადა, რადგან, მისი თქმით, პოლონეთი არ აღიარებს თავდასხმაში მონაწილეობას და მისი სიტყვები არა ვარაუდი, არამედ ფაქტია.
„პოლონეთს მონაწილეობა არაფერში არ მიუღია, ეს არის ტყუილი“, – განაცხადა გავკოვსკიმ.