პოლონეთში 700-მილიონამდე ევროს ღირებულების კოკაინის კონტრაბანდა აღკვეთეს
პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა თითქმის 700 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინის კონტრაბანდა აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, სპეცოპერაცია გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ და სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარეს.
გამოძიების ინფორმაციით, კონტაბანდული ტვირთი ეკვადორიდან გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში ჩაიტანეს, საიდანაც შემდგომ მისი პოლონეთში ტრანსპორტირება მოხდა.
პოლონური მედიის ცნობით, კონტრაბანდული ტვირთი პოლონეთის ქალაქ გდინიაში, ერთ-ერთ საწყობში აღმოაჩინეს. ნარკოტიკი გაყინული ანანასისთვის განკუთვნილი 250-კილოგრამიან ლითონის კასრებში იყო მოთავსებული. შემოწმების შედეგად, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კასრებში კოკაინის შემცველი 3,2 ტონა ნივთიერება იყო მოთავსებული.
მატეუშ მორავეცკის თქმით, აღმოჩენილი ნარკოტიკი მილიონობით დოზას წარმოადგენს.
„თითოეული დოზის უკან ადამიანური დრამა დგას. ჩვენ ყოველდღიურად ვიგებთ, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებისა და მათზე დამოკიდებულების გამო იღუპებიან ადამიანები, ჩვეულებრივ ახალგაზრდები“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
„ამ ჩაშლილი კონტრაბანდით ჩანს, როგორ ვზრუნავთ არა მხოლოდ პოლონელების უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა მორავეცკიმ.