პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობას ებრძვიან, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
პოლონეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის შედეგად პოლონეთში ერთი ადამიანი დაიღუპა. კლოძკოს რაიონში 1 600-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გაიყვანეს. ქალაქი კლოძკო, სადაც 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ნაწილობრივ დატბორილია, რადგან ადგილობრივი მდინარის დონემ ექვსი მეტრით აიწია.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქალაქ კლოძკოში კრიზისების მართვის გუნდთან შეხვედრა გამართა. დაახლოებით 17 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და ზოგიერთ რაიონში მობილური კავშირი არ არის ხელმისაწვდომი.
ამასთან, რუმინეთში წყალდიდობამ 5 ათასი სახლი დააზარალა, 15 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქვეყანაში სტიქიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ რუმინეთის რვა ოლქი დააზარალა.