პოლონეთმა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის ათი გამანადგურებელი გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ოტავაში ვიზიტისას განაცხადა. მან ეს კომენტარი უკრაინისთვის მიწოდებული გამანადგურებლების რაოდენობაზე საუბრისას გააკეთა.
კანადის დედაქალაქში ბლაშჩაკი კანადის თავდაცვის მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების მოლაპარაკებების მთავარ თემებს შორის უკრაინის მხარდაჭერა და ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობა იყო.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ კიევს „მიგ-29“ ტიპის რვა გამანადგურებელი გადასცა.
ამასთან, სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა დაპირებული 13 „მიგ-29“.