პოლონეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ქალაქ ველიუნში მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
პოლონეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ველიუნში წუთიერი დუმილით დაიწყო. მოგვიანებით კი, ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ.
როგორც გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაერმა განაცხადა, გერმანია მეორე მსოფლიო ომისთვის პასუხისმგებლობას არასდროს დაივიწყებს. სიტყვის ბოლოს გერმანიის პრეზიდენტმა პოლონურ ენაზე ბოდიში მოიხადა.
1939 წლის პირველ სექტემბერს ფაშისტური გერმანიის ავიაციამ ქალაქი ველიუნი დაბომბა. შედეგად დაიღუპა 1 200 ადამიანი. პარალელურად ნაცისტების კრეისერმა პოლონურ საპორტო ქალაქ გდანსკთან მდებარე სამხედრო საწყობებს ცეცხლი გაუხსნა. სწორედ ამ მოვლენებით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.