პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა უკრაინასთან თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონია კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტომელის აეროდრომზე გაიმართა, რომელიც უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებების ადგილი იყო.
როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირკიმ განაცხადა, დეკლარაცია მოიცავს სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში და უკრაინის ტერიტორიის განაღმვაში დახმარებას.
ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარია გოლუბევამ აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი მზად არიან, უკრაინის გვერდით იდგნენ მის გამარჯვებამდე.
„ჩვენ უნდა ვიდგეთ თქვენ გვერდით, ასევე ევროპული ინსტიტუტების დერეფნებში იქამდე, ვიდრე უკრაინა არ გახდება ჩვენი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო, როგორც ჩვენი ძმები და დები“, – განაცხადა მარია გოლუბევამ.