პოლონეთის წარმომადგენელი - ვეცდებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში განგაშის სიგნალის გაგზავნა გავაგრძელოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინელი ფაქტები ხდება, ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს
ექიმის დაკავების შემთხვევაში საქმე გვაქვს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევასთან. ჩვენ ვგმობთ ამას და ვეცდებით საერთაშორისო ორგანიზაციებში განგაშის სიგნალის გაგზავნა გავაგრძელოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინელი ფაქტები ხდება და ეს პრაქტიკა უნდა შეწყდეს, – ეს განცხადება გაერო-ს ჟენევის ოფისში პოლონეთის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ზბიგნევ ჩეხმა ქართული დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდგომ გააკეთა.
დიპლომატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას მძიმე უწოდა და განაცხადა, რომ ადამიანთა გატაცების, დაკავების ფაქტები საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით უნდა შეწყდეს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ მინისტრის მოადგილეები ჩამოვიდნენ ჟენევაში და მოგვაწოდეს ახალი ინფორმაცია საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებითა და დატყვევებებით, რასაც დეფაქტო რეჟიმი ახორციელებს. ამ რეჟიმს ჩვენ, ბუნებრივია, არ ვაღიარებთ. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ, ეს საქართველო და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და ძალიან გვაღელვებს რომ ასეთი მძიმე ფაქტები ისევ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.