პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალ კანონს არ ემორჩილება და პენსიაზე გასვლას არ აპირებს
პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უარს ამბობს დაემორჩილოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალი კანონს. მალგორსატა გერსდორფის თქმით, კანონი, რომელიც მოსამართლეებს 65 წლის ასაკში პენსიაზე გასვლას ავალდებულებს, „საკადრო წმენდაა“, რომელსაც მთავრობა სასამართლო სისტემაში ატარებს.
მანამდე გაერსდორფს გადადგომისკენ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას ნებაყოფლობით არ აპირებს და სამსახურში გამოცხადდება.
პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი კანონით, უზენაესი სასამართლოს წევრთა 40%-ს პენსიაზე გასვლა მოუწევს.
პოლონეთის სასამართლო რეფორმის გამო, ვარშავის წინააღმდეგ გამოძიება ევროკავშირმა დაიწყო. ბრიუსელში ამბობენ, რომ ახალი კანონი სასამართლოს დამოუკიდებლობას ზღუდავს. თუმცა, პოლონეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რეფორმის შედეგად სასმართლო სისტემაში კორუფცია აღმოიფხვრება და მისი ეფექტურობა გაიზრდება.
ახალი კანონის მიხედვით, მოსამართლე, რომელსაც 65 წელი შეუსრულდა, ვალდებულია დატოვოს უზენაესი სასამართლო. თუმცა, ვინც ამას არ ისურვებს, შეუძლიათ პრეზიდენტს მიმართონ, რომელსაც სპეციალური ნებართვის გაცემის უფლება აქვს.
როგორც პოლონური მედია წერს, უზენაესი სასმართლოს წევრებმა პრეზიდენტისთვის თხოვნით მიმართვაზე უარი განაცხადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით ისინი თანამდებობაზე 2020 წლამდე უნდა დარჩნენ.