პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იმყოფება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ცეზარ ტომჩიკი აცხადებს, რომ პოლონეთი ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია.
ამის შესახებ ცეზარ ტომჩიკმა ქალაქ ოლშტინში, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ის, რასაც დღეს პოლონეთში ვაწყდებით, ფაქტობრივად, ჰიბრიდული ომია. შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ პოლონეთი დღეს ომის მდგომარეობაშია, ოღონდ ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში“, – განაცხადა ტომჩიკმა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბელარუსთან საზღვარზე არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე და რამდენიმე მეტეოზონდზე, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, გასულ კვირას პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რიტორიკული კითხვა დასვა: მართლაც აინტერესებს თუ არა რუსეთს ამინდი პოლონეთში?
მან აღნიშნა, რომ ყოველი ასეთი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე ასეული დოლარი ღირს, შეიძლება გამოიყენონ პოლონეთში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.
„შეიძლება გამოიყენონ საზოგადოებაში დისკუსიებისა და უთანხმოების გამოსაწვევად, რომ მოქალაქეებმა საკუთარ სახელმწიფოს აღარ დაუჯერონ. რუსული პროპაგანდის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამაზეა მიმართული“, – განაცხადა ტომჩიკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად პოლონეთში, დაახლოებით ხუთი ათასი ჰაკერული თავდასხმა ფიქსირდება, რომლებთან გამკლავებაც ყოველდღე 2,5 ათასს სამხედროს უწევს.