პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - ეჭვი არ მეპარება, რომ ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - ეჭვი არ მეპარება, რომ ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება, მაგრამ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრს, მარიუშ ბლაშჩაკს ეჭვი არ ეპარება, რომ ბელარუსის საზღვარზე პროვოკაციები განმეორდება და აცხადებს, რომ ჯარები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის.

„„ვაგნერელთა“ გადაადგილება ბელარუსში უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა“, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ეს საკითხი ფართოდ განიხილებოდა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტზე.

„ჩვენი პოზიცია ნათელია. ნატო და მოკავშირეები მზად არიან, დაუყოვნებლივ უპასუხონ ნებისმიერ აგრესიას“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კითხვაზე, განმეორდება და გაძლიერდება თუ არა ბელარუსული მხარის პროვოკაცია, მან უპასუხა, რომ ამაში ეჭვი არ ეპარება.

ბლაშჩაკმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და ყველაფერს აკეთებს პოლონელების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასეთ ნაბიჯებს შორის დაასახელა სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთისკენ გადაადგილება, თავდაცვის ხაზის გაძლიერება და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, პოლონელი სამხედროები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის და საფრთხეს ადეკვატურად უპასუხებენ.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს.