პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა მოხდეს „ვოლინის საკითხის“ მოგვარების გარეშე
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა მოხდეს „ვოლინის საკითხის“ მოგვარების გარეშე.
ამის შესახებ ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, რამდენადაც შესაძლებელია, თუმცა, მისივე თქმით „გადაუჭრელი ისტორიული საკითხების“ გამო ქვეყნების ურთიერთობებში ყველაფერი იდეალურად არ არის.
მისი აზრით, რეალურმა პოლიტიკამ უნდა წარადგინოს ულტიმატუმი – უკრიანის გაწევრიანება ევროკავშირში არ იქნება, თუ არ მოგვარდება „ვოლინის საკითხი“.
ამავე დროს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ომის დასრულება მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას ნიშნავს.
„ნებისმიერი სხვა ვარიანტი პოლონეთისთვის ომის პირდაპირ საფრთხედ რჩება“, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
1943 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ვოლინში უკრაინელი ნაციონალისტების ქმედებებს ათობით ათასი პოლონელი ემსხვერპლა. გასული წლის ივლისში, ვოლინის ტრაგედიის 80 წლისთავისთვის პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც უკრაინას დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდა. პოლონეთი ვოლინის ტრაგედიას პოლონელი ხალხის გენოციდად მიიჩნევს.