პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინელებს „მოკლე მეხსიერება აქვთ“, რადგან მათ პოლონეთის მიერ გაწეული დახმარება დაავიწყდათ
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ უკრაინელებს „მოკლე მეხსიერება აქვთ“, რადგან მათ პოლონეთის მიერ გაწეული დახმარება დაავიწყდათ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
როგორც კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას მან ისაუბრა, რამდენი გააკეთა პოლონეთმა უკრაინის დასახმარებლად. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია „პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვების“ კონტექსტში.
„ეს მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვების კონტექსტში, რომლებიც ჟღერდა, როგორც ნოტა, რომ პოლონეთი არ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია“, – აღნიშნა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, უკრაინაში ფართომასშტაბური ინტერვენციის პირველ თვეებში პოლონეთმა კიევს გადასცა სამხედრო ტექნიკა და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა.
„შეუძლებელია იმის თქმა, რომ პოლონეთმა არ გააკეთა ყველაფერი, რაც შესაძლებელია. პოლონეთი აკეთებს და განაგრძობს ყველაფრის კეთებას, რაც შესაძლებელია“, – აღნიშნა მან.
ამასთან, როგორც კოსინიაკ-კამიშმა აღნიშნა, არსებობს გარკვეული ხაზი, რომელსაც ის არასდროს გადაკვეთს.
„რამე აღჭურვილობის გადაცემა თუ დაემუქრება პოლონეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას, მე ამ აღჭურვილობას უბრალოდ არ გადავცემ“, – აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.