პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ პირველი ბატარეა უკვე უკრაინაშია
საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ პირველი ბატარეა უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა.
პოლონეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვარშავამ კიევს 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა.
მარიუშ ბლაშაკმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევებთან და ომის დანაშაულებთან შეგუება არ შეიძლება, რადგან თუ ეს დაშვებული იქნება, პუტინი აქ არ გაჩერდება.
„აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მხოლოდ ჩვენს ერთობლივ ქმედებებს – მთელი თავისუფალი სამყაროს ქმედებებს შეუძლია, ამ უსამართლო კონფლიქტის სასწორი სწორი მიმართულებით გადაწიოს. რაც შეეხება თვითმფრინავების საკითხს, გადაწყვეტილებები უფრო ფართო სამოკავშირეო დონეზე უნდა იქნას მიღებული“, – განაცხადა მარიუშ ბლაშაკმა.
„პეტრიოტის“ სისტემას ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.